“Book Descriptions: არჩილ ქიქოძის “ნორვეგიული დღიური” ნორვეგიის მთებში, ქოხში დაიწერა. ეს დოკუმენტური პროზის ნიმუშია, რომელიც სკანდინავიის ამ დიდებული ქვეყნის, მისი ბუნების, ყოფისა და კულტურის შესახებ მოგვითხრობს. როგორც თავად ავტორი ამბობს, ესაა “მსუბუქად და სიხარულით დაწერილი” ტექსტი, სადაც მწერალი გვიჩვენებს საკუთარი თვალით დანახულ ნორვეგიელ მწერლებს, მოგზაურებს, იქაურ კულტურას, ფლორასა და ფაუნას – ყველაფერს, რაც, ამ ქვეყნის კულტურულ თუ ყოფით ესთეტიზმს ქმნის. ამ ყველაფერს კი ერწყმის ავტორის ფიქრები და ნააზრევი ცხოვრებასა და ადამიანებზე.
არჩილ ქიქოძისთვის დამახასიათებელი თხრობის ოსტატური მანერა და ტექსტის მიმზიდველი თემატიკა წიგნს ნებისმიერი მკითხველის საყვარელ საკითხავად აქცევს.
“მოგზაურს და ტურისტს მიდგომა განასხვავებს: ტურისტი იმპერიალისტია, ის დასაპყრობადაა ჩამოსული; მოგზაურმა ისიც არ იცის, სახლში დაბრუნდება თუ არა.
არჩილ ქიქოძის წიგნი ნორვეგიაში მოგზაურობის შესახებაა. რაც არ უნდა უცნაური იყოს, მოგზაურობა მოგზაურობამდე, სივრცეში ფიზიკურ გადაადგილებამდე დიდი ხნით ადრე იწყება. ბავშვობის ოცნება ჩრდილოეთის სახელოვანი და უსახელო გმირების შესახებ, ლიტერატურული შთაბეჭდილებები წაკითხული წიგნებიდან, ნამდვილი მოგზაურობა და ამ მოგზაურობის მოგონებები ქმნიან პალიმფსესტს, სადაც წაკითხული და განცდილი, წიგნი და ბუნება, ბავშვობა და ზრდასრული ასაკი, ნორვეგია და საქართველო ერთმანეთში ირეკლებიან. ალბათ ეს გაუთავებელი ურთიერთარეკვლა ქმნის იმ დაძაბულობის განცდას, რომელსაც არჩილ ქიქოძე „ზამთრისპირის მოხეტიალე სევდას“ ეძახის. საიდან მოდის ეს სევდა, რომელიც ამასთანავე სიხარულიცაა?
მოგზაური, ტურისტისგან განსხვავებით, არის ადამიანი, რომელიც გადალახავს მიჯნას. მიჯნა, რომელიც მატერიალურთან ერთად წარმოსახვითიცაა, ყოველთვის საბედისწეროა, ბედის საზღვარია.არჩილ ქიქოძე კი არის ადამიანი, რომელმაც ამ მიჯნის გადაკვეთის საიდუმლო შეიძლება განიცადოს და სხვებსაც მოუყვეს.”